Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კობახიძე: დავით-გარეჯის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია იმპროვიზაციის შედეგია
2019-06-06 13:26:43

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმპროვიზაცია უწოდა, რომელიც საბოლოო ჯამში სიტუაციის გამწვავებაში გადავიდა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულების საჭიროების საკითხი ზურაბიშვილმა წამოწია თებერვალში, ბაქოში თავის კოლეგა ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე.

ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, განაახლონ მუშაობა და ეს სამუშაო ბოლომდე მივიყვანოთ. საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ ბოლოსდაბოლოს დასრულდეს“, - განაცხადა მაშინ ზურაბიშვილმა.

სიტუაცია გამწვავდა მანამ, სანამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია მუშაობას განაახლებდა. აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.

კომისიამ მუშაობა 23-24 მაისს განაახლა. მხარეები შეთანხმდნენ ექსპერტების დონეზე ჩაატარონ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერება და შემდეგ მოლაპარაკებები განაახლონ. ამასობაში კი აზერბაიჯანმა დავით-გარეჯისკენ გზის გაყვანა დაიწყო. მოლაპარაკებებიდან მეორე დღეს სპეცტექნიკა გააჩერეს, მაგრამ იმ დროისთვის გზა პრაქტიკულად გაყვანილი იყო.

ორი დღის შემდეგ სამღვდელოების წარმომადგენლებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები დაგეგმილზე ადრე დაიშალნენ - კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა მოსახლეობას, პროვოკაციას არ აყვნენ.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.

დაძაბულობა იმატებს

სიტუაციით შეშფოთებულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით საკმაოდ მკვეთრი კომენტარი გააკეთა. ამასთან ერთად, მან ჯერ კიდევ მაისის ბოლოს განაცხადა, რომ მეგობარი სახელმწიფოები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვიან.

ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვა ისეთი ნაბიჯები სხვადასხვა მხრიდან, რამაც სამწუხაროდ, ვითარების გამწვავება განაპირობა და ეს მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

მისი თქმით, პრობლემა ამ თემასთან დაკავშირებულ იმპროვიზაციებში მდებარეობს.

დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის ხაზგასმა ვერ ჩაითვლება რამე პრობლემად. მთავარია, რომ ამას შემდეგ არ მოჰყვეს პროვოკაციული ნაბიჯები. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ კერძო ინიციატივებისგან და იმპროვიზაციებისგან. ეს ის საკითხია, რომელიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საკითხები, რომლებსაც ზურაბიშვილი აზერბაიჯანში განიხილავდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული იყო.

როდესაც პრეზიდენტი ვიზიტში მიდის, ვიზიტის თემატიკას ვაწვდით. ანუ ვიზიტის ფარგლებში სასაუბრო მასალასა და თემატიკას, ყურადღება რა საკითხებზე გაამახვილოს, ამას ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვუმზადებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

იგივე დაადასტურა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმაც.

საქართველოს პრეზიდენტის სახელით მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადებაც იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2018 წლის შემოდგომაზე გამართული არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ მმართველია პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომას აქტიურად უჭერდა მხარს.

მარტში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მას თავისუფლებას არასდროს უზღუდავდა.